კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების თემაზე

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღე აღნიშნა. სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ლევან ალექსიძეს, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელსა და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს მიეძღვნა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისისა და მისი ხელმძღვანელის, დოქტორ კაუპო კანდის მონაწილეობით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის ინიციატორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილია.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და თბილისის მერის მოადგილე, პროფესორი მაია ბითაძე ესწრებოდნენ. თსუ რექტორის მოადგილემ ისაუბრა აკადემიკოს ლევან ალექსიძის მიერ საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დაფუძნებისა და წარმატებით განვითარების შესახებ. პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აკადემიკოს ლევან ალექსიძის უდიდეს დამსახურებას საქართველოს საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად დამკვიდრებისა და საქართველოში იურიდიული განათლების ხელშეწყობის საქმეში.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, როგორიცაა გარდამავალი მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა, როგორც ომის დანაშაული, აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებული სირთულეები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის დისკრეციის ფარგლები, საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის საფუძვლით პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვისას მტკიცების სტანდარტი, სახელმწიფოთა მიერ დაცვის ვალდებულება (RtoP) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობის ჭრილში, ავტონომიური იარაღის სისტემების კანონიერება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, სხვ.