(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

ომის მიგრანტები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი

2021 წლის 14 აპრილს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) ფარგლებში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით უმასპინძლა მიგრაციის დიალოგების ვებინარს ომის მიგრანტები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

ეს ერთობლივი ღონისძიება ლევან ალექსიძის ფონდის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის აღსანიშნავი შეხვედრების ნაწილია, რომელთა ციკლს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი 2021 წლის დასაწყისიდან ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს უძღვნის.

ვებინარი წარიმართა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორისა და საერთაშორისო სამართლის ევროპული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრის მარკო მილანოვიჩის, საერთაშორისო სამართლის ახალგაზრდა მკვლევარისა და სამართლის დოქტორანტ გიორგი ნაკაშიძის, საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორისა და ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მონაწილეობით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარის, სამართლის დოქტორ საბა ფიფიას მოდერირებით.

ვებინარის ფარგლებში ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების – საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (II) სხვადასხვა ასპექტი იყო გაანალიზებული. დისკუსია წარიმართა იმგვარი საკითხების გარშემო, როგორიც გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის იურისდიქციიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების გამორიცხვა სასამართლოს მიერ, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათი წარმოშობის ადგილებსა და სახლებში დაბრუნების უფლების უგულებელყოფის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვად კვალიფიცირება, ომის მიგრანტების დაბრუნების უფლების ანალიზისას ქონებრივი უფლებების განხილვის საკითხი და სხვ. მსჯელობისას ფართოდ იყო განხილული ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ ჭრილში. გამომსვლელებმა ასევე განიხილეს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ გადაწყვეტილების სავარაუდო გავლენა მიმდინარე სახელმწიფოთშორისი დავების გადაწყვეტაზე (საქმეებზე საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (IV) და უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ). გამომსვლელთა მოდერირებული დისკუსია აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში იძულებით გადაადგილების, ქონებრივი უფლებებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების გარშემო გაიმართა მსჯელობა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ჭრილში.

Leave your thought