აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელი მისმა მოწაფემ სამართლის დოქტორის ხარისხით კვლავ უკვდავყო

2021 წლის 5 ივლისს, დიდი მასწავლებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს მიუძღვნა მისმა ერთ-ერთმა რჩეულმა მოწაფემ ირინა აღაპიშვილმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმატებით დაგვირგვინება. ირინა აღაპიშვილის სადისერტაციო ნაშრომმა „ICSID-ის პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის: უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დაცვა საქართველოში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სადისერტაციო კომისიის წინაშე საჯაროდ დაცვისას დაიმსახურა შეფასება ფრიადი (summa cum laude) და მის მიერ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების დღედ სწორედ აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადების დღე იქცა. https://gau.edu.ge/ka/news-events/news/PhD-law-diplomacy-2021

ირინა აღაპიშვილმა ხაზი გაუსვა ამ დღის სიმბოლურ და ემოციურ დატვირთვას მისთვის, რადგან აკადემიური განვითარების გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სწორედ ბატონი ლევანის  95 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ნაშრომზე მუშაობის დასრულება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ამქვეყნად ყოფნის გარეშე მოუწია, სწორედ დიდი მასწავლებლის უპირობო რწმენამ და მხარდაჭერამ შეაძლებინა სადისერტაციო ნაშრომისთვის კვლევის წარმართვა. მისი თქმით, ბატონი ლევანის შემართებამ, ენთუზიაზმმა და ახალგაზრდა თაობებისადმი ცოდნის, შესაძლებლობისა და მაგალითის მიცემის საოცარმა უნარმა არაერთხელ აპოვნინა ნაშრომზე მუშაობის გაგრძელებისათვის საჭირო ძალა.

აღსანიშნავია, რომ ირინა აღაპიშვილის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად  ირინა აღაპიშვილისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საგანგებოდ, სწორედ ლევან ალექსიძის დაბადების დღეს გაიმართა.

როგორც აწ უკვე სამართლის დოქტორი ირინა აღაპიშვილი, ასევე მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი და სადისერტაციო კომისიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ აკადემიკოს ლევან ალექსიძის მოწაფეები არიან. ერთხმად აღინიშნა, რომ 2021 წლის 5 ივლისს კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოჩინდა აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობის სიმძლავრე და მისი ღირსეულად გაგრძელებით ბატონი ლევანის სახელისა და საქმის უკვდავყოფა, რაც ირინა აღაპიშვილის, პროფესორ ლევან ალექსიძის სემინარის ასისტენტისა და მისი დაწყებული საქმის ერთ-ერთი გამგრძელებელი ახალგაზრდა მეცნიერის, მიერ ღირსეულად და დამსახურებული წარმატებით დაცული სამეცნიერო ნაშრომითაც წარმოჩინდა.

 

თარიღი

ივლ 05 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought