(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ცენტრმა 31 ივლისი კონფერენციით აღნიშნეს

1992 წლის 31 ივლისს საქართველოს გაეროს წევრი გახდა, გაეროს უშიშროების საბჭოს 1992 წლის 6 ივლისის რეკომენდაციის საფუძველზე.

2019 წლის 31 ივლისამდე აკადემიკოსი ლევან ალექსიძე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების, ისე როგორც სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ჭრილში, აქტიურად გახლდათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველმყოფი საერთაშორისო სამართლებრივი  ჩარჩოს განვითარების პროცესში ჩართული. პროფესორი ლევან ალექსიძე გაეროს შტაბ-ბინაში როგორც ნიუ-იორკში, ისე ჟენევაში მუშაობის დიდი გამოცდილებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გაეროს დოკუმენტის სახით გავრცელებული მოხსენებების შექმნის აქტიური მონაწილე გახლდათ. ეს დოკუმენტები აფხაზეთში, საქართველო, ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის/გენოციდის პოლიტიკის ფაქტების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მომზადებული იყო, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელი ლევან ალექსიძე თავმჯდომარეობდა.

2021 წლის 31 ივლისის ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში საქართველო და ერთიანებული ერებისორგანიზაცია: თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივები საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტის თაობაზე მომზადებული მოხსენებების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ელჩმა მიხეილ უკლებამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თინათინ ბრეგვაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ნინო შეყრილაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსმა, გიორგი ნანობაშვილმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მესხმა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დამფუძნებელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა დასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

31 ივლისის კონფერენციის მიზანი საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ ინფორმირებული აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა გახლდათ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა კვლევის შედეგები ამ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტთან მიმართებით წარმოადგინეს. სხვა საკითხებთან ერთად დისკუსია შეეხო გაეროს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და მის შედეგებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ წლების განმავლობაში მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, რომელიც აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ისე როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების საკითხთან დაკავშირებით გაეროს ფარგლებში საქმიანობას შეეხო. საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით გაეროს როლის განხილვასთან ერთად დისკუსია წარიმართა საქართველოში გაეროს ხელშეწყობით დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების განვითარების გარშემო, ისე როგორც პანდემიის პერიოდში საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობასთან დაკავშირებით განათლების უფლების უზრუნველყოფის ჭრილში. გაეროს CEDAW კომიტეტის მონიტორინგისა და საქართველოსთან დაკავშირებით მისი კვაზი-სასამართლო ფუნქციის განხორციელების ანალიზიც სხვა საკითხებთან ერთად გახლდათ კონფერენციაზე განხილულ საკითხთა შორის.

2021 წლის 31 ივლისის კონფერენცია ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

 

Leave your thought