აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღე აღნიშნა

17 ივლისი – სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღე აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით გაერთიანებული პროფესიონალების მიერ საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნებოდა.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, განაგრძობს რა დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პროფესიულ მემკვიდრეობას, ამ ტრადიციასაც მიჰყვება; 2021 წელს ფონდმა 17 ივლისი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს წარმომადგენლობასთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივით დაფუძნებული თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორთან თანამშრომლობით აღნიშნა.

2021 წელს ამ დღის მეათედ აღნიშვნა ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ღია სივრცეში უმასპინძლა გამოფენას „ცხოვრება კონფლიქტის შემდეგ“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მომზადებული ფოტო სერია ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ ადამიანებს. National Geographic-ის ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი პიტ მიულლერი, ადამიანთა გამოცდილებისა და ისტორიის ვიზუალურად გადმოსაცემად ჩამოსული საქართველოში ამ ფოტო სერიაზე მუშაობისას შეხვდა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევან ალექსიძეს – 1998 წლის 17 ივლისის რომის ისტორიული ღონისძიების მონაწილესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამზადებელი კომისიის მონაწილეს – თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ ქეთევან ხუციშვილს. გამოფენას ეწვივნენ საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და აკადემიის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

17 ივლისის აღნიშვნა აკადემიური დისკუსიით ელექტრონულ რეჟიმში გაგრძელდა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი მკვლევარებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლის დოქტორ კაუპო კანდის, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის გიორგი ნაკაშიძის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადვოკატთა თანაშემწეთა როსტერის წევრის ონისიმე ცხომელიძისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ფულბრაიტის მკლევარის სამართლის დოქტორ საბა ფიფიას მონაწილეობით აკადემიური ღონისძიება პროფესორ მარინა მესხის შესავალი სიტყვით გაიხსნა. შეხვედრას მოდერატორის რანგში თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ქეთევან ხუციშვილი წარუძღვა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლოს რეფორმირების პროცესის თაობაზე მსჯელობას, ისე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მსხვერპლთა ინტერესების წარმოდგენისას სამართლებრივი დახმარების როლსა და მნიშვნელობას; ამასთან, განიხილეს სახელმწიფოებრიობის საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის ელემენტები. აკადემიური დისკუსიისას ხაზი გაესვა მოლოდინების სწორად მართვისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის მიძღვნილი აკადემიური დებატების მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მონაწილეობით წარმართვის მნიშვნელობას.

2021 წელს 17 ივლისის აღნიშვნა ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

თარიღი

ივლ 17 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought