(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

ვებინარი – კლიმატის ცვლილება და მიგრაცია გარემოს პირობების გამო – ამერიკის, გერმანიისა და საქართველოს აკადემიური წრეების მონაწილეობით წარიმართა

2021 წლის 15 ნოემბერს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, უმასპინძლა მიგრაციის ვებინარების სერიიდან შეხვედრას „კლიმატის ცვლილება და მიგრაცია გარემოს პირობების გამო“.

საერთაშორისო ვებინარის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავიდ ფავრე. მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა კამილა შლოსმა, რომლის აკადემიური კვლევის სპეციალური ინტერესი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მიგრაციაა და ამასთან იგი ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობს.

ვებინარის ფარგლებში დისკუსიის მოდერირება გასწიეს პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ინიციატივით თსუ-ში დაფუძნებული საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლეითი ცენტრის დირექტორმა და სამართლის დოქტორმა საბამ ფიფიამ, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 2021 წელს ფულბრაიტის მკვლევარია.

მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მონაწილეობით წარმართული ვებინარის ფარგლებში დისკუსია შეეხო კლიმატის ცვლილების ძირითად მახასიათებლებსა და იმ საფრთხეს, რასაც გლობალური დათბობა პლანეტასა და კაცობრიობას უქადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების გამო ადამიანთა მასობრივი გადაადგილების რისკებსა და სხვა ეკოლოგიურ კატასტროფებს.

მაღალი რანგის მომხსენებლებმა გლობალური კლიმატის პოლიტიკის მრავალი ასპექტი სხვადასხვა პრიზმაში დეტალურად განიხილეს. ამასთან, განსაკუთრული ყურადღება დაეთმო ლტოლვილთა სამართლის მიმართებას იმ პირებზე, ვინც კლიმატის ცვლილებისა და გარემო პირობების გამო ხდება მიგრანტი. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჩამოყალიბებული ლტოლვილის სტატუსის განმარტების გაანალიზება მოხდა გარემოს პირობების გამო იძულებითი მიგრაციის კონტექსტში. იმის განხილვის პარალელურად, შეიძლება თუ არა გარემოს პირობების გამო მიგრაციაში წასული ადამიანების ლტოლვილად ცნობაზე საუბარი, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის გაანალიზება მოხდა.

ვებინარის კითხვა-პასუხის სესია დაეთმო იმ რისკების ანალიზს, რომელიც კლიმატის ცვლილებას ახლავს, ასევე განიხილეს, რამდენად შეიძლება საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს განმარტება იმგვარად, რომ გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური კატასტროფების გამო მასობრივი მიგრაციით გამოწვეული თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი პასუხების მოძიება იყოს შესაძლებელი.

2021 წლის განმავლობაში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სტანდარტების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების წყება ჩაატარეს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სამართლის კვლევისა და სწავლების დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

Leave your thought