(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

მსოფლიოს ბავშვთა დღე აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდმა ELSA საქართველოსთან თანამშრომლობით აღნიშნა

 

2021 წლის 20 ნოემბერს მსოფლიოს ბავშვთა დღე აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ერთობლივი ღონისძიებით აღინიშნა.

1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების აღსანიშნავად ამ საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ვებინარი ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობით წარმართული შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბავშვის უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.

ბავშვის უფლებების საკითხზე შეხვედრებში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ჩაერთნენ. დისკუსიები მიეძღვნა საერთაშორისო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს, როგორიც გახლავთ: ბავშვის უფლებების უნივერსალური და რეგიონული ინსტრუმენტები, ბავშვის უფლებების კონვენციით დადგენილი სახელმწიფოთა ვალდებულებები, ბავშვის უფლებების კომიტეტის მანდატი, ბავშვის სპეციფიური უფლებები და დაცვის სპეციალური ღონისძიებები, ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმებით დადგენილი ჩარჩო და სხვ.

20 ნოემბერს ვებინარი ბავშვის განათლების უფლებას დაეთმო. სპეციალური ყურადღება გამახვილდა განათლების მიზნებზე, ხელმისაწვდომობასა და ადაპტირების საჭიროებაზე. დისკუსიის ფარგლებში განათლების უფლება შეიარაღებული კონფლიქტისა და ბუნებრივი კატასტროფებისა თუ საგანგებო მდგომარეობის ჭრილშიც იქნა განხილული. მონაწილეთა ინტერესი ბავშვის უფლებათა კონვენციის ფარგლებში დასვენების დროისა და რეკრეაციის უფლების საკითხმა ასევე გამოიწვია.

შეხვედრების ციკლის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მონაწილე სტუდენტები პროექტის „იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ“ დასკვნით ეტაპზე გამოიყენებენ.

 

2021 წელს მსოფლიოს ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის,პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავადაკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

 

Leave your thought