წიგნის “სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი” პრეზენტაცია
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი სწრაფად ვითარდება და სამართლებრივი კონცეფციების ახლებურ გადაწყვეტას ხშირად საჭიროებს. სახელმწიფოთა პრაქტიკის განვითარების პარალელურად მეცნიერული კვლევა და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის, ცალკეული დარგების ფარგლებში წამოჭრილი საკითხების დროული სიღრმისეული კვლევა როგორც თეორიის, ისე პრაქტიკის სწორად განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით დასაფასებელი საბა ფიფიას მოტივაცია, რაც გამოცემაზე „სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“ მუშაობისთვის ბიძგის მიმცემი გახდა. ავტორმა გამოცემის მოსამზადებლად კვლევა აწარმოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, არაერთ სამეცნიერო დაწესებულებაში როგორც გერმანიასა და ისრაელში, ისე ნიდერლანდებში. კვლევის პროცესში მოხდა სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხების სკრუპულოზული ანალიზი და საქართველოსთვის საჭირბოროტო სამართლებრივი საკითხების ჭრილში გადაწყვეტის ძიება.
წინამდებარე პუბლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრირების სამართლებრივი ასპექტების ფართო წრეს აანალიზებს პრაქტიკული მაგალითების განხილვის ფონზე. საკითხები, რომელიც ავტორის მიერ იქნა გამოკვლეული შეეხება ოკუპაციის სამართლის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის წყაროები, ოკუპანტი ძალის უფლებამოსილების ფარგლები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასამართლო სისტემის ადმინისტრირება, ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვითი რეჟიმები, ისევე როგორც საკუთრების უფლების დაცვა, ტერიტორიის კონტროლის სხვადასხვა სტანდარტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი დასახლებებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ოკუპაციის საკითხები. თანამედროვე სამეცნიერო მასალის, სამართლის შესაბამისი წყაროებისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სამხედრო ოკუპაციის შემთხვევების ანალიზისას ავტორმა აკადემიური კვლევის მაღალი სტანდარტის დაცვით იმუშავა საქართველოში მკითხველისთვის ჩვენი ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხის მაქსიმალურად ცხადად წარმოსადგენად.
ნაშრომის შესახებ მისი რედაქტორი, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დაფუძნების ინიციატივის ავტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, აღნიშნავს: ,,მეამაყება ჩემი ყოფილი სტუდენტისა და ახალგაზრდა კოლეგის, სამართლის დოქტორ საბა ფიფიას ამ სიღრმისეული ნაშრომის გამოცემისთვის მომზადების პროცესში რედაქტორის ფუნქციის შესრულება. ამ აღმატებულ განცდას თან სდევს მეორე, ასევე დიდი, თუმცა დანაკლისის შევსების შეუძლებლობით გაჟღენთილი განცდა, რაც ამ წიგნის გამოქვეყნებისთვის მომზადების პროცესში აკადემიკოს ლევან ალექსიძის (5 ივლისი, 1926 – 31 ივლისი, 2019) გვერდში დგომის შეუძლებლობით არის გამოწვეული. პროფესორი ლევან ალექსიძე ახალგაზრდა მკვლევარის საბა ფიფიას მიერ საკვლევი თემით დაინტერესების დროიდან ჩემთან ერთად მხარს უჭერდა და ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მკვლევარს როგორც უფროსი ფასდაუდებელი მეგობარი, მენტორი და საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელი. ბატონი ლევანის ფასდაუდებელი პროფესიული და ადამიანური უპირობო გვერდში დგომით შეძლო წიგნის ავტორმა იმ კვლევით დაწესებულებებში საქართველოს ფარგლებს მიღმა მუშაობა, რომლებშიც ამ პუბლიკაციის დიდი ნაწილია დამუშავებული.”
ეს გამოცემა რედაქტორისა და ავტორისგან აკადემიკოს ლევან ალექსიძეს ეძღვნება და ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის პუბლიკაციათა სერიის პირველი გამოცემაა.
გადმოწერე წიგნი: სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი