ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის დაბადება
ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი სამეცნიერო ხასიათის ორენოვანი პერიოდული გამოცემაა. ჟურნალი 6 თვეში ერთხელ გამოიცემა და ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის პუბლიკაციათა სერიის ნაწილია, რომელიც აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მხარდაჭერით გამოიცემა.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იურისტებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის გამიზნულ ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალში წარმოდგენილია საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს დათმობილი ნაშრომები. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორთა პოზიციას.
ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, რომელიც პროფესორ ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით 1996-2018 წწ. გამოცემული „საერთაშორისო სამართლის ჟურნალის“ სულისკვეთებას გამოხატავს და განაგრძობს, გამოიცემა აკადემიკოს ალექსიძის საქმისადმი თავდადებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით. განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნით ჰელგა კლაინს, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დიდი ხნის ერთგულ მეგობარსა და კოლეგას, 1970-იან წლებში ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინაში, მათი მუშაობის დროიდან. გულითადად ვაფასებთ ჟურნალის სტატიების ინგლისურ ვერსიაზე ჰელგა კლაინის მოწოდებულ კომენტარებს.
პროფესორმა ლევან ალექსიძემ საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლას საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაუყარა საფუძველი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბების შემდეგ მან საერთაშორისო სამართლის ჟურნალი დააარსა შემდეგი სარედაქციო კოლეგიით: ლევან ალექსიძე, ბაისა ვაკ-ვოია, ირაკლი შაფაქიძე, მარინე კვაჭაძე, გიორგი ინწკირველი, ალექსანდრე რონდელი, ავთანდილ დემეტრაშვილი, ზურაბ დავითაშვილი, დავით უსუფაშვილი, იური კოლოსოვი, მახკამ მახმუდოვი, ნორიარ აივაზიანი, ალექსანდრე ზადაროჟნი.
საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის დღის წესრიგში მრავალ სხვა გამოწვევასთან ერთად საერთაშორისო სამართლის ქართული პროფესიული ლექსიკის დამკვიდრებაც იდგა. ამასთან, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის საზრუნავი დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მომზადებასთან ერთად მათი საქართველოს მიღმა ცნობადობის უზრუნველყოფა და მათი სამეცნიერო თეზების უცხოელ მკითხველამდე მიტანაც გახლდათ.
სწორედ ამიტომ 1996 წელს საერთაშორისო სამართლის ჟურნალის პირველი ნომერი სამ ენაზე გამოვიდა. პროფესორმა ლევან ალექსიძემ საერთაშორისო სამართლის ჟურნალის ყველა ნომერი 1996-2018 წლებში ქართულთან ერთად თავდაპირველად რუსულ და ინგლისურ, მოგვიანებით კი – ინგლისურ ენაზე გამოსცა. სამწუხაროდ, 2019 წელს მისი ხელმძღვანელობით საერთაშორისო სამართლის ჟურნალი ვეღარ გამოვიდა. ბატონი ლევანი მომავალზე საუბრებში მისთვის ჩვეული დელიკატურობით მიზიარებდა საერთაშორისო სამართლის სკოლის საქართველოში გაგრძელების ხედვას. რამდენიმე დისკუსიაში მონაწილეობდა ასევე ჩემი მასწავლებელი და ჩემი და აკადემიკოს ლევან ალექსიძის მეგობარი, პროფესორი გერი სიმფსონი ლონდონის პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლიდან. მისი რჩევა იყო, პროფესორ ალექსიძის მიერ დაფუძნებული ჟურნალის დასახელება, რომელიც ქართველ იურისტებს უცხოენოვანი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომს ხდიდა, ყოფილიყო უფრო მეტად დაკავშირებული საქართველოსთან. პროფესიულ გზაზე ბატონი ლევანისგან სამომავლო დანაბარებისა და პროფესორ გერი სიმფსონის რჩევების გათვალისწინებით დაიბადა ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი.