ფონდის შესახებ

ა(ა)იპ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი (შემდგომში, ფონდი) დაფუძნდა 2019 წლის 18 სექტემბერს. ფონდის საქმიანობის მიზანია: საერთაშორისო სამართლით დაინტერესებული იურისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, სამართლებრივი განათლების მიღების ალტერნატიული საშუალებების შექმნა, საზოგადოების სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში.

მიზნების მისაღწევად ფონდი ხელს უწყობს: სამანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას საერთაშორისო სამართლით დაინტერესებული იურისტების პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, იურიდიული ბიბლიოთეკებისა და ელექტრონული საინფორმაციო ცენტრების შექმნას; ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იურიდიული და სამოქალაქო განათლების სისტემების განვითარებას.

გარდა ამისა, ფონდი ხელს უწყობს მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების შექმნას საერთაშორისო სამართლის დარგებში, კვლევით, სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას.

ამავდროულად, ფონდის მიზნის მიღწევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელისა და ნაშრომების პოპულარიზაცია, სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების განვითარება, ასევე, სტუდენტთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის შექმნა.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა.