აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა საერთაშორისო ვებინარს უმასპინძლა თემაზე „მიგრაცია და კოვიდ-19“

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად საერთაშორისო ვებინარს უმასპინძლა თემაზე „მიგრაცია და კოვიდ-19“. საერთაშორისო ვებინარმა აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო მკვლევარები და ახალგაზრდა სპეციალისტები გააერთიანა. სასექსისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ჯეოქეისის, ასევე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის ინიციატივას გამოეხმაურნენ, 2014 წელს აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მიერ წამოწყებული მიგრაციის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის ელექტრონულ სივრცეში გასაგრძელებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განსაკუთრებულად აქტუალური საკითხის გარშემო აკადემიური დისკუსიის წასახალისებლად მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მიგრაციაზე კოვიდ-19-ის გავლენა, შექმნილი კრიზისის ეკონომიკური შედეგები შრომითი მიგრანტებისთვის, ასევე პანდემიის მიგრაციულ პროცესებზე გავლენის სამომავლო კვლევის აუცილებლობა, აკადემიური კვლევისთვის სანდო სტატისტიკური მონაცემების დროთა განმავლობაში ხელმისაწვდომობის გაზრდის კვალდაკვალ.

ვებინარის მეორე სექციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მიგრაციის კუთხით შექმნილი ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოთა მიერ მიღებულ ზომებს შორის განსხვავებებზე, ასევე იმსჯელეს მიგრაციის შემზღუდველი ღონისძიებების სამართლებრივ ფარგლებზე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ურთიერთმიმართების ჭრილში. დისკუსია წარიმართა გაეროს სისტემაში გლობალური ჯანდაცვის საკითხების მართვასა და კოორდინაციაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე, ასევე კრიზისების მონიტორინგისა და მონაცემთა მოგროვების თვალსაზრისით წევრ სახელმწიფოებზე მისი დამოკიდებულების ხარისხის გარშემო.

საერთაშორისო ვებინარის ფინალური სექციის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარებს მიეცათ აკადემიური კვლევის შედეგების წარმოდგენის ასპარეზი. დისკუსია სხვა მიმართულებებთან ერთად წარიმართა ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კოვიდ-19-ის გავლენა თავშესაფრის მაძიებელ პირებსა და შრომითი, მათ შორის – უდოკუმენტო, მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობაზე პანდემიის დროს. ახალგაზრდა მკვლევარებმა კვლევაზე დაფუძნებული მიგნებები წარმოადგინეს ასევე პანდემიის განვითარებაზე მიგრაციული პროცესების შესაძლო ზეგავლენაზე, მიგრანტთა მიმართ დისკრიმინაციულ პერსეფციებზე გლობალური პანდემიის ფონზე და სხვა.

კონფერენციის დასასრულს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დამფუძნებელმა პროფესორმა მარინა მესხმა აღნიშნა, რომ აკადემიკოს ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი და სამეცნიერო კონფერენციები პანდემიის მიერ ნაკარნახევი ახალი რეალობის გათვალისწინებით, დისტანციურად, გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით 2019 წელს დაფუძნდა.

თარიღი

ივნ 01 2020
Expired!