თსუ სტუდენტების წარმატება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში
- დეკემბერი 28, 2019
საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წარმატება საერთო ევროპულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, გუნდის წევრმა, იოსებ ედიშერაშვილმა კი, კონკურსის საუკეთესო მომხსენებლის ჯილდო დაიმსახურა.
თსუ-ს გუნდი ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით შეირჩა. თსუ-ს გუნდს წარმოადგენდნენ საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტები თამარ რუსეიშვილი, იოსებ ედიშერაშვილი და ანა თაბაგარი, გუნდის მწვრთნელი კი გახლდათ თსუ მაგისტრი რევაზ ტყემალაძე.
საერთაშორისო კონკურსს ლუბლიანას უნივერსიტეტმა სლოვენიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლა.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ნახევარფინალური და ფინალური რაუნდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომის ფორმატში ჩატარდა. მონაწილეები სხვა ექსპერტებთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაურო პოლიტიმ, სედრიკ კოტემ (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი)შეაფასეს. ქართველმა სტუდენტებმა საერთაშორისო სამართლის ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო იმუშავეს, როგორიცაა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის საფუძველზე პირის ლტოლვილის სტატუსი დნ გამორიცხვა, შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონიერება, კიბერ-თავდასხმა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადების მართვა და ნებაყოფლობითი რეპატრიაცია წარმოშობის სახელმწიფოში.