სტატიათა კონკურსი საკვლევ თემაზე – საქართველო და საერთაშორისო სამართალი: თეორია და პრაქტიკა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი

პროექტის [FR-21-11588]

ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა:
საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო სამართლებრივივალდებულებების ჭრილში

ფარგლებში აცხადებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სტატიათა კონკურსს საკვლევ თემაზე

საქართველო და საერთაშორისო სამართალი:
თეორია და პრაქტიკა

სტატიათა კონკურსის მიზანია საერთაშორისო სამართლის როლის ანალიზი საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემაში და ამ საკითხზე ინფორმირებული აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა.

სტატიების კონკურსში ანალიზისთვის შემოთავაზებული ზოგადი მიმართულებებია:

  • საერთაშორისო სამართლის ისტორია და საერთაშორისო სამართალი საქართველოს ისტორიაში: ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე
  • საერთაშორისო სამართლის წყაროების გავლენა საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემაზე
  • დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის განვითარება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში
  • ადამიანთა ღირსების დაცვა: მოქალაქეთა, ეკონომიკურ მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვას დაქვემდებარებულთა დაცვის სტანდარტები
  • სახელმწიფოს იურისდიქცია, იმუნიტეტი, უცხოელთა და უცხოელ ინვესტორთა მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო
  • გლობალური საერთაშორისო სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი
  • საერთაშორისო სამართლის როლი საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში
  • სახელმწიფოებრიობა: თვითგამორკვევა, უფლებამემკვიდრეობა და აღიარება
  • საქართველო, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოს სუვერენიტეტი
  • არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო სამართლის ჭრილში
  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები
  • საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გამოწვევები, არასახელმწიფო აქტორები და საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
  • ურთიერთდამოკიდებულება და ინტეგრაცია საერთაშორისო სამართლის მეშვეობით: საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საერთაშორისო გარემოს დაცვისა და მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები

სტატიათა კონკურსის მიზნებისთვის მომზადებული სტატია საკვლევი თემით გათვალისწინებულ ნებისმიერ ზოგად მიმართულებას უნდა შეესაბამებოდეს. ავტორებმა საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა ჩამოაყალიბონ კვლევის ზუსტი მიმართულება და სტატიის სათაური.

სტატიის აბსტრაქტი, არაუმეტეს 200 სიტყვისა, ელექტრონულ ფოსტაზე, 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით მიიღება.

შერჩეული აბსტრაქტის ავტორები  სტატიის სრული ვერსიის წარმოდგენისთვის მოთხოვნებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.

შერჩეული სტატიების ავტორები 2024 წლის ივლისში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის იქნებიან მოწვეულნი და თითოეულს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ორენოვან გამოცემაში.

საუკეთესოდ შეფასებული სტატიების ავტორები მოწვეულნი იქნებიან სტაჟირების გასავლელად სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის კვლევის ფარგლებში „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში.“

სტატიებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვისა და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.geIrina.agapishvili@gau.edu.ge

 

***

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სტატიათა კონკურსი აკადემიკოს ლევან ალექსიძის იმ პროფესიული მემკვიდრეობის პატივსაცემად დაიგეგმა, რომელიც არამხოლოდ გვაჩვენებს „აკადემიკოს ლ. ალექსიძის მიერ ქართული სამართლის წარმოჩინების გამბედაობა[ს] საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის განვითარების პროცესში საბჭოთა კავშირის ფარგლებში“, არამედ წარმოაჩენს „თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის ოფიციალური დოკუმენტების“ მნიშვნელობას, რომლებიც პროფესორ ლევან ალექსიძის მიერ ან მისი თანაავტორობით არის შექმნილი.

როგორც ცნობილია, 1989 წლის ეროვნული მოძრაობის წნეხის ქვეშ მოქცეული საბჭოთა ხელისუფლება, და, პირველ რიგში, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, იძულებული გახდა, დათანხმებულიყო სპეციალური კომისიის შექმნას, რომელსაც დაევალა ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის საკითხის გამოკვლევა – საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. შექმნილმა კომისიამ ტექსტის მომზადება დაავალა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან თოიძესა და საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორ ლევან ალექსიძეს. საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ყველა პოლიტიკური ასპექტის ამომწურავი ანალიზი სრულდებოდა ამ მოვლენის საერთაშორისოსამართლებრივი შეფასებით.“

ფასდაუდებელია პროფესორ ლევან ალექსიძის წვლილი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში შეტანილი მთელი რიგი საკითხების შემუშავებაში …

1991 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, იმდროინდელ იუსტიციის მინისტრს, ჯონი ხეცურიანსა და უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ლევან ალექსიძეს, დაავალა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაფუძნებით შეედგინათ აქტი, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე და ერთსულოვან ნებას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი შეიცავდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისოსამართლებრივ დებულებებს, მათ შორის ლ. ალექსიძის მრავალი წლის განმავლობაში ნაფიქრალ და პუბლიკაციებში ასახულ კონცეფციას საერთაშორისო სამართლის პრიმატის საქართველოში უზენაესი იურიდიული ძალის მქონე პრინციპად გამოცხადებს შესახებ. აქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად, რამაც შემდგომი განვითარება პოვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებში“.

*ამონარიდების წყარო: რედაქტორის შესავალი ტექსტიდან, „საერთაშორისო სამართალი და საქართველო: ანტიკური ხანიდან დღემდე“ 2012, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მიერ 1957-2012 წლებში გამოქვეყნებული რჩეული ნაშრომები; რედაქტორი სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი

 

თარიღი

მაი 26 2024 - ივნ 10 2024
Expired!

დრო

All Day

Leave your thought