ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეორე ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა

ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეორე ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.

ლექციას სახელწოდებით „აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და საერთაშორისო სამართლის სკოლის განვითარება საქართველოში” საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი წარუძღვნენ. ლექციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო პროფესორ ლევან ალექსიძის წვლილს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში შეტანილი მთელი რიგი საკითხების შემუშავებაში. აღინიშნა ისიც, რომ 1991 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ლევან ალექსიძეს, და იმდროინდელ იუსტიციის მინისტრს, ჯონი ხეცურიანს, დაავალა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაფუძნებით შეედგინათ აქტი, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე და ერთსულოვან ნებას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი შეიცავდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, მათ შორის ლ. ალექსიძის მრავალი წლის განმავლობაში ნაფიქრალ და პუბლიკაციებში ასახულ კონცეფციას საერთაშორისო სამართლის პრიმატის საქართველოში უზენაესი იურიდიული ძალის მქონე პრინციპად გამოცხადების შესახებ. აქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად, რამაც შემდგომი განვითარება პოვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში.

აკადემიკოსი ლევან ალექსიძის მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების დარეგულირების საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების ძიებისა და დანერგვის პროცესში, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შეჭრისა და ოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების წინა პლანზე წამოწევისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის ოფიციალური დოკუმენტების ჭრილში იქნა წარმოჩენილი, რომლებიც პროფესორ ლევან ალექსიძის მიერ ან მისი თანაავტორობით არის შექმნილი.

თარიღი

დეკ 25 2019
Expired!

ორგანიზატორი

საგარეო საქმეთა სამინისტრო