დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით
- აპრილი 8, 2021
დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული მოძრაობის ფასდაუდებელი წვლილის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობისა და საქართველოს პატრიოტთა დაუღალავი შრომის ხაზგასასმელად, რასაც შედეგად ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება მოჰყვა, წარმოდგენილია რამდენიმე ფაქტის მცირე მონახაზი:
1989 წელს ეროვნული მოძრაობის წნეხის ქვეშ მოქცეული საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებულიყო სპეციალური კომისიის შექმნას, რომელსაც დაევალა ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის საკითხის გამოკვლევა – საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.
შექმნილმა კომისიამ ტექსტის მომზადება დაავალა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან თოიძესა და საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორ ლევან ალექსიძეს. საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ყველა პოლიტიკური ასპექტის ამომწურავი ანალიზი სრულდებოდა ამ მოვლენის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებით.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ლევან ალექსიძის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნით საბჭოთა რუსეთის ქმედება საქართველოს მიმართ იყო „ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია“.
ლევან ალექსიძის მიერ გამოყენებული ტერმინი „ფაქტობრივი ანექსია“ ეფუძნებოდა იმდროინდელ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რომელთა მიხედვით რუსეთის ინტერვენცია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი მართლწესრიგისა და ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა იყო, რაც დასრულდა საქართველოს სამხედრო ოკუპაციით.
ამავე დროს, ლევან ალექსიძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფორმალურად რუსეთი არ აუქმებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას (ამ ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა საქართველოს de jure ცნობა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ), თუმცა, სინამდვილეში, პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა საქართველოში, მისი საბჭოთა კავშირში 1922 წელს ძალით შეყვანამდე, სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს სსრ კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების სტრუქტურების რუსეთის პარტიულ და სახელისუფლებო სტრუქტურებში ინკორპორირებული ერთეულები, ანუ ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა ანექსიას.
ამ დებულებამ ფართო აღიარება პოვა კომისიისა და უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მიერ, ასევე საფუძვლად დაედო მრავალ სამეცნიერო თუ პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, მათ შორის 1991 წლის 9 აპრილის აქტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: „1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.“
1989 წელს ასეთი დასკვნა, რომელიც პოლიტიკურადაც და საერთაშორისო სამართლებრივადაც ამხელდა საბჭოთა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და საბჭოთა კავშირში შეყვანის არალეგიტიმურ ხასიათს, მთელი კომისიისა და შემდგომ – საქართველოს უზენაესი საბჭოს ყველა წევრის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ დასკვნებს, დიდი სიმამაცე იყო.
ფასდაუდებელია პროფესორ ლევან ალექსიძის წვლილი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში შეტანილი მთელი რიგი საკითხების შემუშავებაში.
1991 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ იმდროინდელ იუსტიციის მინისტრს, ჯონი ხეცურიანსა და უზენაესი საბჭოს დეპუტატს ლევან ალექსიძეს დაავალა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაფუძნებით შეედგინათ აქტი, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე და ერთსულოვან ნებას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი შეიცავდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, მათ შორის ლევან ალექსიძის მრავალი წლის განმავლობაში ნაფიქრალ და პუბლიკაციებში ასახულ კონცეფციას საერთაშორისო სამართლის პრიმატის საქართველოში უზენაესი იურიდიული ძალის მქონე პრინციპად გამოცხადების შესახებ. აქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად, რამაც შემდგომი განვითარება პოვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებში.
(ამონარიდი რედაქტორის შესავალი ტექსტიდან, „საერთაშორისო სამართალი და საქართველო: ანტიკური ხანიდან დღემდე“ 2012, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მიერ 1957-2012 წლებში გამოქვეყნებული რჩეული ნაშრომები; რედაქტორი სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი)