თსუ სტუდენტების წარმატება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში

საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წარმატება საერთო ევროპულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, გუნდის წევრმა, იოსებ ედიშერაშვილმა კი კონკურსის საუკეთესო მომხსენებლის ჯილდო დაიმსახურა. თსუ-ს გუნდი ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში აკადემიკოს.

ლევან ალექსიძისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით შეირჩა. თსუ-ს გუნდს წარმოადგენდნენ საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტები თამარ რუსეიშვილი, იოსებ ედიშერაშვილი და ანა თაბაგარი, გუნდის მწვრთენლი კი გახლდათ თსუ მაგისტრი რევაზ ტყემალაძე.

საერთაშორისო კონკურსს ლუბლიანას უნივერსიტეტმა სლოვენიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ნახევარფინალური და ფინალური რაუნდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომის ფორმატში ჩატარდა. მონაწილეები სხვა ექსპერტებთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაურო პოლიტიმ, სედრიკ კოტემ (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) შეაფასეს. ქართველმა სტუდენტებმა საერთაშორისო სამართლის ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო იმუშავეს, როგორიცაა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის საფუძველზე პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა, შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონიერება, კიბერ-თავდასხმა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადების მართვა და ნებაყოფლობითი რეპატრიაცია წარმოშობის სახელმწიფოში.

კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ასევე მიწვეული გახლდათ კვირეულის ფორმატში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იძულებითი გადაადგილება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად: დაცვის გარანტიები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში და მისი მნიშვნელობა “მონაწილეობისთვის. მისი მოხსენება იძულებითი გადაადგილების კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებებისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების ანალიზს მიეძღვნა. ქეთევან ხუციშვილმა ევროპის რეგიონის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სისხლის სამართლის, ჰუმანიტარული, მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართლის სწავლებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღანელობით სამართლის ამ დარგებში შემოღებული სწავლებისა და კვლევის მიმართულებები და პრაქტიკა.

თარიღი

ნოე 18 2019
Expired!