5 ივლისის აღსანიშნავად

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო  თანამშრომლობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-2 ფარგლებში

უმასპინძლა მიგრაციის საუბრების სერიის ვებინარს

პასპორტიზაციის პროცესის გავლენა განდგომილ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებაზე

 

5 ივლისს საქართველოში საერთაშორისო სამართლის დღის აღნიშვნის ფარგლებში, რომელიც დაფუძნდა ღვაწლმოსილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის კვლევისა და სწავლების დამფუძნებელი აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობის პატივსაგებად, საერთაშორისო ვებინარი მიეძღვნა მისი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას.

საერთაშორისო ვებინარის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები გახლდნენ პროფესორი ანნე პეტერსი, შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი და ამასთან ჰაიდელბერგის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა, ბაზელისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების პროფესორი და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მეწაფე და მისივე ინიციატივით დაფუძნებული თსუ საერთაშორისო სისხლისსამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი, ამასთან, ქართულ-ინგლისური ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის დამფუძნებელი. დისკუსიის მოდერირება გასწია დოქტორმა საბა ფიფიამ, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავდროულად  ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი 80-მდე მონაწილის ჩართულობით განიხილეს ფართო მასშტაბიანი ექსტრატერიტორიული ნატურალიზაციის პროცესის, ასევე „პასპორტიზაციის“ სახელით ცნობილი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო. დისკუსია ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის რეგიონებში ე.წ. „პასპორტიზაციის“ პრაქტიკის კანონიერების საკითხს.      მაღალი დონის მომხსენებლებმა გააანალიზეს ამ პოლიტიკისა და პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის „პასპორტიზაციის“ ძალადობრივი და თავსმოხვეული ხასიათი, მისი კავშირი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან; ისაუბრეს იმის თაობაზეც, შესაძლოა თუ არა ამგვარი ნაბიჯებიტერიტორიების de facto ანექსიად იყოს შეფასებული. ყურადღება დაეთმო კოლექტიური „პასპორტიზაციის“ შედეგად შეძენილი მოქალაქეობის აღიარების სამართლებრივი შედეგების განხილვასაც. დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ასევე განიხილეს ოკუპანტი ძალის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი ვალდებულებებისგან თავის არიდებისთვის განხორციელებული შესაძლო ღონისძიებები.

ვებინარის ჩანაწერის სრულად სანახავად, მიჰყევით ბმულს.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების თაობაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებათა სერია საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის პროფესორ ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში 2021 წლის დასაწყისიდან ხორციელდება.

 

თარიღი

ივლ 13 2021
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

Leave your thought