იძულებით გადაადგილებული პირების დაცვა: საერთაშორისო სამართლით დადგენილი დაბრუნების უფლებისა და საქართველოს ეროვნული პოლიტიკის ჭრილში
- მაისი 15, 2021
2008 წლის 15 მაისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი. რეზოლუციამ A/RES/62/249 ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული პირების, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა, უფლებების დაცვის მნიშვნელობის აღნიშვნასთან ერთად რეზოლუციამ გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის პოლიტიკურად განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტის ძალა შეიძინა. 2008 წლიდან საქართველო ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეგულარულად წარადგენს. გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და 54 სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 84 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე 1990-იანი წლების დასაწყისში აგრესიული სეპარატიზმის გამოვლინების თანმდევი მოვლენების საერთაშორისოსამართლებრივი კვალიფიკაციის ინიციატორი და გამძღოლი გახლდათ. მისი თავმჯდომარეობით შექმნილი აფხაზეთში, საქართველო, ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის/გენოციდის პოლიტიკის ფაქტების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მოხსენებები და დასკვნები გაეროს უშიშროების საბჭოს წლების განმავლობაში მიეწოდებოდა და გაეროს დოკუმენტების სახით ვრცელდებოდა.
2021 წლის 15 მაისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ხსნის რეგისტრაციას ვებინარზე იძულებით გადაადგილებული პირების დაცვა:
საერთაშორისო სამართლით დადგენილი დაბრუნების უფლებისა დასაქართველოს ეროვნული პოლიტიკის ჭრილში დასასწრებად.
საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ხრონინგენის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი ოლეგ თორთლაძე, რომელიც ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულების დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, და დევნილთა საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკისა და დევნილთა მხარდაჭერის უზრუნველმყოფი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები იმსჯელებენ.
ღონისძიება 2021 წლის 22 მაისს, 13:00 სთ-ზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით ჩატარდება.
21 მაისის 23:59 სთ-მდე დარეგისტრირებული მონაწილეები შეხვედრის ტექნიკურ მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.
ვებინარში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციოდ გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.ge; Irina.agapishvili@gau.edu.ge
2021 წლის ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.