დაიწყო შეხვედრების ციკლი თემაზე „გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება: თანამედროვე გამოწვევები“

2021 წლის 13 მარტს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით, ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნის ფარგლებში, დაიწყო შეხვედრების ციკლი თემაზე – „გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება: თანამედროვე გამოწვევები.“

პირველი შეხვედრა დაეთმო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებსა და სახელმწიფოთა მონიტორინგს გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის მოწაფის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის შესავალ სიტყვაში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების – სახელმწიფოების – როლის ანალიზი მოისმინეს. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოთა პასუხისმგებლობაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ ჭრილში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ისე როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის სტანდარტებზე. შეხვედრისას გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ისეთი მექანიზმები იყო განხილული, როგორიცაა ქალთა სტატუსის კომისია, სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფი და სხვ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩიხლაძემ მონაწილეებს გააცნო ე.წ. ჩრდილოვან ანგარიშების სპეციფიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების პერიოდული და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშების მომზადების პრაქტიკულ ასპექტებთან ერთად ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს მექანიზმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლს.

შეხვედრების ციკლი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

თარიღი

მარ 13 2021
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

Leave your thought