(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

18 დეკემბერი – მიგრანტთა საერთაშორისო დღე აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წელს ღონისძიებათა ციკლით აღინიშნა

 

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, ტრადიციისამებრ, მიგრანტთა საერთაშორისო დღის გარშემო, რომელიც 18 დეკემბერს აღინიშნება, სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით 2021 წლის სექტემბერიდან ნოემბრის ჩათვლით კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო საერთაშორისო სკოლა მიგრაციის საკითხებზე. ინტერდისციპლინური სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს არსებული რეგულაციების დაცვით თბილისში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე გადაეცათ საერთაშორისო სეზონური სკოლის სერტიფიკატები. სეზონური საერთაშორისო სკოლის პროგრამამ მოიცვა მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მიგრაციის კვლევის მეთოდებისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საბაზისო ჩარჩოს შესწავლასთან ერთად სეზონური სკოლის მონაწილეებს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის – ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიის, სასექსისუნივერსიტეტის, ლეიდენისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტების, ასევე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის წამყვანი მკვლევარების მონაწილეობით მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული მრავალი მიმართულების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. საერთაშორისო სკოლის ფარგლებში დისკუსიები შეეხო იმგვარ საკითხებს, როგორიც გახლავთ მიგრაცია და განვითარება, მიგრაცია და დიასპორა, მიგრაცია და მედია, მიგრაცია და ეკონომიკა, ასევე მიგრაციის საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულება. საერთაშორისო სასერტიფიკატო სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ლტოლვილთა უფლებების რეგულირებას საერთაშორისო სამართალში, ამასთან დისკუსიები დაეთმო ადამიანის უფლებების მიმართებას უსაფრთხოებისა და თავშესაფრის პოლიტიკასთან.

მიგრანტთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ასევე უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული ასპექტები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირებასა და დახმარების სტანდარტების თაობაზე დისკუსიის შესაძლებლობა ჰქონდათ; ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი რეგულირებისა და შესაბამისი პრაქტიკული ასპექტების განხილვა კი დამოუკიდებელი ექსპერტის, სამართალდამცავ ორგანოებში წარსული ხანგრძლივი საქმიანობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის, დიანა როსტიაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა.

მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელთაც აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი მასპინძლობს, გრძელდება ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების ინგლისურენოვანი კონკურსითა და სხვა აკადემიური ღონისძიებებით.

 

Leave your thought