ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია: 70 წელი განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების მცველი?
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა 2021 წლის 20 ივნისს უმასპინძლა
ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია:
70 წელი განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების მცველი?
ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა 2021 წლის 20 ივნისს ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა (GAU) და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისსასწავლო და კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით წარმართა. 2001 წლიდან ყოველწლიურად 20 ივნისს ლტოლვილთა დღის აღნიშვნას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანა უერთდება, საქართველოში კი ამ დღის აკადემიურ წრეებში აღნიშვნა აკადემიკოს ლევან ალექსიძის მხარდაჭერით ტრადიციად დამკვიდრდა და მისი ხელმძღვანელობით კონფერენცია 2019 წლის ივნისშიც ჩატარდა.
პროფესორმა მარინა მესხმა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დამფუძნებელმა, პროფესორ ლევან ალექსიძის მიერ საერთაშორისო სამართლის სკოლის საქართველოში დაფუძნებასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღნიშვნისას ყურადღება გაამახვილა ლევან ალექსიძის როლზე 1970-იანი წლებიდან გაეროს ფარგლებში, 1990-იან – 2010-იან წლებში კი ასევე ევროპის საბჭოს ფარგლებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის, მიგრანტთა, მათ შორის – ლტოლვილთა – დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრებასა და საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და საქართველოში შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და ამ პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართა მსჯელობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის სტუდენტების მიერ დამუშავებული საკითხების გარშემო.
ინტერდისციპლინური კონფერენციის სექციებში პრაქტიკისა და მომავალი პერსპექტივების ჭრილში დისკუსია შეეხო სახელმწიფოს სუვერენული ინტერესებისა და განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების უფლებების დაცვის საჭიროების განზომილებებს. დისკუსანტებთან ერთად განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების როლი 1951 წლის კონვენციის განხორციელების პროცესში XXI საუკუნის პერსპექტივიდან; ამასთან, იმსჯელეს სპეციფიურად – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის თაობაზე საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირებთან მიმართებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ კრიზისებსა და იძულებითი საერთაშორისო მიგრაციის საკითხებს. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართებასთნ ერთად განხილული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებისა და საერთაშორისო დაცვის მაძიებელი პირების, მათ შორის – ქალებისა და ბავშვების – უფლებების კოლიზიის შემთხვევები. ყურადღება ასევე გამახვილდა სახელმწიფოთაშორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე პანდემიის პირობებში.
კვლევების ავტორებმა: ირაკლი ლეონიძემ და მარიამ ნუცუბიძემ ერთობლივი ნაშრომისთვის: „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებისა და საერთაშორისო დაცვის მაძიებელი პირის ძირითადი უფლებების კოლიზია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი კვლევა)“, ქრისტინე ჯაჯანიძემნაშრომისთვის: „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) რისკები თავშესაფრის ძიებისას: თანამედროვე გამოწვევები“, ასევე კონსტანტინე ხვედელიძემ ნაშრომისთვის „ჰუმანიტარული კრიზისები და იძულებითი საერთაშორისო მიგრაცია: მიზეზები და შედეგები“ და ნინო ასკილაშვილმა ნაშრომისთვის „თავშესაფრის მაძიებელი ქალების უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და გამოწვევები“აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილემ კი – შესაბამისი სერტიფიკატი დაიმსახურა.
2021 წლის 20 ივნისის კონფერენცია ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისდაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.