ომის მიგრანტები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი
2021 წლის 14 აპრილს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) ფარგლებში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით უმასპინძლა მიგრაციის დიალოგების ვებინარს ომის მიგრანტები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
ეს ერთობლივი ღონისძიება ლევან ალექსიძის ფონდის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის აღსანიშნავი შეხვედრების ნაწილია, რომელთა ციკლს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი 2021 წლის დასაწყისიდან ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს უძღვნის.
ვებინარი წარიმართა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორისა და საერთაშორისო სამართლის ევროპული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრის მარკო მილანოვიჩის, საერთაშორისო სამართლის ახალგაზრდა მკვლევარისა და სამართლის დოქტორანტ გიორგი ნაკაშიძის, საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორისა და ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მონაწილეობით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარის, სამართლის დოქტორ საბა ფიფიას მოდერირებით.