მიგრაციის საუბრების სერიის ვებინარი – პალესტინელი ლტოლვილები ევროპაში

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა 2021 წლის 22 ივნისს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-2 ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობით უმასპინძლა მიგრაციის საუბრების სერიის ვებინარს თემაზე პალესტინელი ლტოლვილები ევროპაში: თავშესაფრის უფლება და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია. ეს ღონისძიება კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 2001 წლიდან დადგენილი ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღნიშვნას დაეთმო. ამ დღის აკადემიური ღონისძიებით აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად აკადემიკოს ლევან ალექსიძის აქტიური მონაწილეობით დამკვიდრდა; მიგრაციის საუბრების ციკლს კი ICMPD-ის წარმომადგენლები და პროფესორი ლევან ალექსიძე 2019 წლის ჩათვლით არაერთი წლის განმავლობაში თანათავმჯდომარეობდნენ.

ვებინარის ფარგლებში მაღალი რანგის გამომსვლელები – პროფესორი, სამართლის დოქტორი რიკ ლოუსონი და სამართლის დოქტორი ლექს ტაკკენბერგი, ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, სამართლის დოქტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მიერ მოდერირებული დისკუსიის მონაწილეები გახლდნენ.

ვებინარის ფარგლებში განიხილეს ლტოლვილთა სამართლის განვითარების ადრეული ეტაპები, ლტოლვილთა სტატუსის მახასიათებლები ადამიანის უფლებების დაცვის, განსაკუთრებით – ადამიანის უფლებებისა დაძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის ჭრილში, ისე როგორც სახელმწიფოთა და სასამართლო პრაქტიკა. ყურადღება გამახვილდა პალესტინელი ლტოლვილების მდგომარეობაზე, მათი გადაადგილების ისტორიული მიმოხილვის, დემოგრაფიული მონაცემებისა და დაბრუნების უფლების ჭრილში.

აუდიტორიასთან წარმართული დისკუსია შეეხო პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებულ სირთულეებს, ისე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ხელთ არსებულ მექანიზმებს ამ ჯგუფის სტატუსისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, როგორც „ცოცხალი ინსტრუმენტის“ მახასიათებლების წარმოჩენისას სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ინტერესებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ურთიერთმიმართებაზე გამახვილდა ყურადღება. განიხილეს რამდენად ფართო შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მოქმედების არეალი ამ მიმართულებით. 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციის ძირითადი ასპექტების ანალიზს თან სდევდა ლტოლვილთა სხვადასხვა ჯგუფისა და ამასთან პალესტინელებისთვის  შექმნილი ჩარჩოს განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამუშაოების გაეროს სააგენტოს მანდატს ახლო აღმოსავლეთში და მის საქმიანობას.

დოქტორი ლექს ტაკკენბერგი ფორდემის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, 1980-იან წლებში სადოქტორო დისერტაციის პალესტინელი ლტოლვილების სტატუსი საერთაშორისო სამართალში დაცვის შემდეგ, 1989 წლიდან 2019 წლის მიწურულამდე გაეროს სააგენტოში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამუშაოების საკითხებზე სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ეთიკის საკითხების სამსახურის პირველ ხელმძღვანელად იმსახურა.  დოქტორი ტაკკენბერგი ლტოლვილთა ნიდერლანდების საბჭოს სამართლის საკითხების ოფიცერიც გახლდათ. 2020 წლის ივნისში ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა მეორე გამოცემა მისი თანარედაქტორობით გამოსული წიგნისა Palestinian Refugees in Internal Law  (პალესტინელი ლტოლვილები საერთაშორისო სამართალში).

პროფესორი რიკ ლოუსონი ადამიანის უფლებების ევროპული და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორია ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც 2011-2016 წწ სამართლის სკოლის დეკანი გახლდათ. 2020 წლის ნოემბრიდან რიკ ლოუსონი ევროკავშირის ძირითადი უფლებების სააგენტოს მმართველი საბჭოს წევრია. იგი 2002-2006 წწ ძირითადი უფლებების საკითხებზე ევროკავშირის დამოუკიდებელი ექსპერტების ქსელის დამფუძნებელი წევრი, მოგვიანებით კი – ადამიანის უფლებების ექსპერტთა FRALEX ქსელის უფროსი ექსპერტი გახლდათ. ნიდერლანდების სენატისა და პარლამენტის მეორე პალატის, ისე როგორც სხვადასხვა დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტის ფუნქციების განხორციელების კვალდაკვალ, 2013 წლიდან იგი მეცნიერებისა და ჰუმანიტარული დარგების ჰოლანდიის სამეფო საზოგადოების წევრია. პროფესორი ლოუსონი აკადემიკოს ლევან ალექსიძის პატივცემული კოლეგა გახლდათ. აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად დადგენილი ლევან ალექსიძის ლექციების სერიის პირველი საზეიმო ლექცია სწორედ პროფესორმა რიკ ლოუსონმა წარმართა 2019 წლის დეკემბერში.

ეს ვებინარი 2021 წლის ივნისში ჟენევის 1951 წლის კონვენციის 70 წელს მიძღვნილი შეხვედრებისა და იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელსაც ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი 2021 წლის დასაწყისიდან ახორციელებს.

 

თარიღი

ივნ 22 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought