აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას ქალთა უფლებებისთვის
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, აგრძელებს რა ქალთა უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე ევროპის საბჭოს (ასევე სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი) კონვენციის ხელმოსაწერად გახსნიდან მე-10 წლის აღნიშვნის ფარგლებში ELSA ანკარას ინიციატივას შეუერთდა.
დროში უკვე გამოცდილი თანამშრომლობა, რომელიც აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდსა და ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციას შორის ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. აკადემიკოს ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი ELSA-ს თბილისის ზამთრის სკოლის ერთობლივად ჩატარების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო მიგრაციასა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალს მიეძღვნა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები სხვა საკითხებთან ერთად დაეთმო ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სხვ.
გლობალური პანდემიის დაწყებამდე საფუძველჩაყრილი თანამშრომლობის კარგი ტრადიცია ELSA-ს სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფთან სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდა. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ELSA ანკარას მიწვევით განიხილა ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების მახასიათებლები ღონისძიებაზე, რომელიც ELSA ჰაიდელბერგთან თანამშრომლობით ჩატარდა. სტამბოლის კონვენციის შექმნის ისტორიის კონტექსტუალიზაციასთან ერთად დისკუსია დაეთმო იმ ახალი მექანიზმების ანალიზს, რომლებიც კონვენციის საფუძველზე შეიქმნა. ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების დასაცავად და ცნობიერების ამაღლებაში კონვენციური მექანიზმების როლსა და მიღწეულ წარმატებებზე.
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ფონდის ღონისძიებები ეთმობა კვლევის შედეგების თანასწორთა მიერ სამეცნიერო განხილვებს განხილვებს; ფონდი ამ საკითხს უძღვნის სტუდენტთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, მასპინძლობს აკადემიურ კონფერენციებსა და სადისკუსიო ფორუმებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდი ორენოვან ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალში უთმობს ადგილს ქალთა უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების გარშემო აკადემიური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.